საგამოძიებო უწყებებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს სასულიერო პირთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ ეს არის საერო საკითხები და მეუფე იაკობის განცხადებები შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელზეც უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და დაიწყოს გამოძიება.
მეუფე ანანია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მეუფე იაკობი არ მიიღებდა გადაწყვეტილებას ქორეპისკოპოსობიდან წასვლის შესახებ, მაშინ ამ შემთხვევაში ეს საკითხი სინოდის სხდომაზე დადგებოდა.
„უცნაური გამოსვლა იყო, არ ვიცი წარმოუდგენელია. უტაქტო ასე ვთქვათ. ეს არაა ჩვენი მეტყველება და უხერხული იყო რათქმაუნდა და ალბათ ამაზე რაიმეს იტყოდა თვითონ ალბათ. მოინანიებდა ან რაღაცას იტყოდა. მეუფე იაკობი იყო პატრიარქის ქორეპისკოპოსი,“ - განაცხადა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ.
დეკანოზ ალექსადრე (გალდავას) განცხადებით, მეუფე იაკობი მისი პირადი ინიციატივით გადადგა.
„მისი პირადი ინიციატივით გადადგა. მან გააკეთა კომენტარი თავის ჩართვაზე. პირველ რიგში მან შენდობა ითხოვა ყველასგან ვინც მოისმინა მისი სიტყვა, და ამავე დროს დაადასტურა რაღაც ფაქტები, რომელზეც ის ფიქრობს, რომ ნამდვილად მოხდა და შემდეგ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და გადადგა თანამდებობიდან,“ - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრემ.