დეკანოზი თამაზ ლომიძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას უერთდება. ლომიძე ამის შესახებ facebook-ზე წერს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილს პოლიტიკურად დევნიან.
დეკანოზის თქმით, ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტების დევნა უნდა დასრულდეს.
"როგორც ერთი რიგითი ქართველი ვუერთდები პეტიციას, თავისუფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს!
რატომ?
1) რაც მან 2003 წლის შემდეგ მოახერხა 90-იანებში გაძარცვულ-გაუბედურებული და ყაჩაღების ხელში ჩავარდნილი საქართველოს სახელმწიფოსთვის, განუზომლად მეტია იმაზე, რასაც მას დღეს ედავებით.
2) მისი დევნა ცალსახად პოლიტიკურია და დღევანდელი ხელისუფლების გამონათქვამები ადასტურებს ამას: “ჭკვიანად იყოს, თორემ დავუმატებთ”, “რომ წასულიყო პოლიტიკიდან, არ დავიჭერდით” და ამასვე ადასტურებს მისი დაკავება მხოლოდ საქართველოში შემოსვლის შემდეგ.
3) მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავარი მტერი და დამაქცევარი, რუსეთი ხარობს მისი დაკავებით, ადასტურებს, რომ არ უნდა იჯდეს საქართველოს პრეზიდენტი ქართველების ხელით ციხეში.
4) საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ყოფილი პრეზიდენტების დევნა და მკვლელობა. ეს ვნებს და ანადგურებს ქვეყნის წინსვლას და მომავალს. გაიხსენეთ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ის პროპაგანდისტული ტყუილების ზღვა, რითაც იგი შეაძულეს ხალხს, შედეგად განდევნეს და მოკლეს. ამ პროპაგანდისტული ტყუილების და ჭორების გავრცელებაში დიდოსტატია ჩვენი მტერი და კიდევ ერთხელ ნუ გააბრიყვებინებთ თავს.
გაათავისუფლეთ საქართველოს პრეზიდენტი", - წერს ლომიძე.
დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელი ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ და მეუფე ნიკოლოზმა მოაწერეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-11 დღეა ციხეში შიმშილობს. გუშინ, მისმა ექიმმა თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.