ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ, შესაძლოა, არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე თავდასხმის მიმართულებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიღოს.
"ეს არის მორიგი შეტევა არასამთავრობო სექტორზე. არასამთავრობო სექტორზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და განსაკუთრებით, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ვინც მაგალითად, ჩართულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კონტექსტში და ჩატარებაში, ვინც ჩართულია კორუფციის კვლევაში. მე არ გამოვრიცხავ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები შემოვიდეს მთავრობიდან, მათ შორის თუნდაც არასამთავრობო სექტორზე და მედიაზე თავდასხმის მიმართულებით", - თქვა დეკანოიძემ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მორიგ ჯერზე თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ "მიკერძოებაში" ადანაშაულებს. პაპუაშვილი წერილში აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, საუბრობს NGO-ების დაფინანსებასა და მათი "დონორების პასუხისმგებლობაზე".
პაპუაშვილის იდეაა, არჩევნების წინ დაიდოს "საჯარო შეთანხმება", რომელიც გაასაჯაროებს იმ NGO-ების დაფინანსებასა და საქმიანობას, რომლებიც მისი თქმით, პოლიტიკასთან კავშირში არიან. გარდა ამისა, პაპუაშვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს "ყველა მოქმედ პირს - ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და საერთაშორისო სუბიექტებს".