logo
ENG



დეკანოიძე: არ მესმის ევსაქების თავდასხმების, ვისურვებდი მათ კომპასს გეზი არ დაეკარგოს

21 სექ 202013:30
3 წუთის საკითხავი
clock 624
დეკანოიძე: არ მესმის ევსაქების თავდასხმების, ვისურვებდი მათ კომპასს გეზი არ დაეკარგოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ევროპული საქართველოს მხრიდან ენმ-ზე თავდასხმა მხოლოდ ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს გააძლიერებს.

დეკანოიძის თქმით, კვლევების თანახმად, ადამიანები მომავალის ხმად ევროპულ საქართველოს არ მიიჩნევენ და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.

"მთელი ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ჩვენი პარტნიორი პარტიის მხრიდან არის თავდასხმა, რომელიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საქართველოს ლოზუნგში არის მოწოდება, რომ ევროპული საქართველო არის კომპასი მომავლისკენ. ვისურვებდი, რომ ამ კომპასს თავისი გეზი არ დაეკარგოს მაშინ, როდესაც უნდა ჩამოვიცილოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თავდასხმები არ შეუწყობს ხელს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი არ იგრძნოს კომფორტში", - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებში მოლაპარაკებების ინიციატორი იყო არა ევროპული საქართველო, არამედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

"მე არ მესმის ის შეფასებები, რომელსაც დღეს დილიდან ვისმენ. თითქოს ჩვენ არ ვთანამშრომლობთ, მოლაპარაკებების მთავარი ინიციატორი იყო ევროპული საქართველო და ა.შ. მოლაპარაკებების მთავარი ინიციატორი იყო ნაციონალური მოძრაობა. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველაზე დიდი იყო, რადგან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ვართ", - აღნიშნა დეკანოიძემ.

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 20 სექტემბერს, "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პარტიულ კოალიციას მომდევნო პარლამენტში ვერ ხედავს.

სააკაშვილის განცხადებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, მათ შორის ევროპული საქართველოს წევრების გამოხმაურება მოჰყვა. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები "ქართული ოცნების პროპაგანდისთვის საჩუქარია". როგორც ბოკერიამ განაცხადა, სააკაშვილი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ არჩევანი მხოლოდ მასა და ივანიშვილს შორის არის, რაც სიცრუეა.

სერგი კაპანაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთპიროვნული ხელისუფლება უნდა.

დღეს, 21 სექტემბერს, მან ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არჩევნებში ენმ-ს გამარჯვების შემდეგ სხვა პარტიებთან ითანამშრომლებენ. 


close დახურვა