logo
ENG



დეკანოიძე: დიპკორპუსს მივაწვდით ინფორმაციას ფარულ თვალთვალზე და მიყურადებაზე​

29 იან 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციელი, გიორგი დვალიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე, ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრაზე დიპლომატებს დვალიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ ფარული თვალთვალის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, ასევე გააცნობენ იმ სკანდალური საქმის დეტალებს, რომელიც პოლიციის მაიორმა გაასაჯაროვა და რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ძმას უკავშირდება.

გიორგი დვალიშვილი კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას აპირებს. მათ შორის ახლანდელი შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის დასახელებასაც.

კითხვაზე რატომ გაასაჯაროვა ეს ვიდეო დვალიშვილმა ახლა? - ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მას როგორც სამართალდამცავს ჰქონდა მოლოდინი და იმედი, რომ ამ საკითხის გამოკვლევა კანონის შესაბამისად მოხდებოდა თუმცა ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობას ის ვეღარ ხედავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია სწორედ პირველწყაროსგან მიიღონ. გიორგის ხელთ ექნება ყველა ის დოკუმენტაცია, რომელზეც საუბრობდა უმრავლესობა. ყველა ის პატაკი, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიწერილი წერილები შს მინისტრების სახელზე, გენერალური ინსპექციის სახელზე, ასევე პროკურატურაზე და რასაკვირველია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე. გახარიას აპარატმა უპასუხა და უთხრა, რომ სწორედ პროკურატურას გადაეცა ეს წერილი შესასწავლად. მივაწვდით ინფორმაციას ფარულ თვალთვალზე და მიყურადებაზე, რომელიც ხორციელდება გიორგის და მისი ოჯახის მიმართ. ის, რომ პოლიციელს სჯერა კანონის, იმ სისტემის სადაც მუშაობს და სჯერა, რომ სამართალს და სიმართლეს იპოვის სწორედ კანონის მეშვეობით, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის,“ - განაცხდა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი დვალიშვილს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია. დამატებით განმარტებებს ის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.



close დახურვა