logo
ENG



დეკანოიძე: ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვა

22 თებ 202115:25
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვა
ფოტო: ვახო ქარელი

"ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა იქნება ოპოზიციის დევნა", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ცხადყო, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მართლმსაჯულების სისტემაში, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.  

დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ​"ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა ხელს არ უწყობს იმას, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკებების გზით განიმუხტოს".

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ კრიზისის ფონზე, მთელმა ოპოზიციამ ღიად მოვუწოდეთ ხელისუფლებას კვლავ გაგვეგრძელა მოლაპარაკებები, იგი ღიად უწოდებს პოლიტიკურ ოპონენტებს ყველა იმ სიტყვას, რომელიც მიუღებელია თანამედროვე ცივილიზაციისთვის, მადლობას უხდის ივანიშვილს ჩარევისთვის მართლმსაჯულების სისტემაში და ღიად უწოდებს კრიმინალებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ თავისუფალ სიტყვას ამ ქვეყანაში.

მინდა მოვუწოდო მას და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ხმას მისცემს ღარიბაშვილს, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე დენთის კასრის დაკიდება არავის ეპატიება; უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი არის საფრთხის ქვეშ; უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც საუბრობს ღარიბაშვილი, არის ისევ ნაციონალური მოძრაობის მიმართ აგრესიული რიტორიკა. ეს ადამიანი გამორჩეულად ზიზღს თესავს და ყოფს საზოგადოებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

კითხვაზე - როგორ აღადგენს ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციურ წესრიგს, ხატია დეკანოიძე ასე პასუხობს:

"ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვა, ბოდიში ამ უხეში გამონათქვამისთვის. არავის ეშინია იარაღის ჟღარუნის, არავის ეშინია მისი ბაქიბუქი ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან...მაგრამ პირობას ვაძლევ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გამძაფრება, არავის ეპატიება", - აღნიშნა პოლიტიკოსმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა მთავრობა უნდა დაამტკიცონ. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ისევ "სისხლიან 9 წელზე" ისაუბრა, აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა ნაციონალური მოძრაობის, მთავარი არხის ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას მიმართ. ასევე გააკრიტიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ლიეტუველი პოლიტიკოსი ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები. 


close დახურვა