ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. დეკანოიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან დიალოგში განიხილა, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილი ზურაბიშვილის შემოთავაზებულ პოლიტიკურ თამაშის წესებს შერიგებას ვერ უწოდებს, თუმცა აფასებს ამ პროცესს.
„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ, რაღაც კონკრეტული პოლიტიკური თამაშის წესების შეთანხმებას მე შერიგებას ვერ დავარქმევდი და არც თვითონ ფიქრობს, რომ ამ პროცესს შერიგება უნდა ვუწოდოთ. აფასებს ამ პროცესს ნამდვილად და ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მისი წინა ვიზიტის შემდეგ დამძიმებულია. ნაციონალური მოძრაობის წევრმა აღნიშნა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა წონაში მკვეთრად დაიკლო და აშკარაა პოსტტრავმული სინდრომის სერიოზული ნიშნები, რაც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგია.
“მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას, რომ მე მიხეილ სააკაშვილი ვიხილე 2 კვირის წინ და 2 კვირის წინ ფიზიკურად გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყო ვიდრე ახლა. იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში როგორც მითხრა, დაკლებული აქვს დაახლოებით 7 კილო, ძალიან გამხდარია. ძალიან უჭირს გადაადგილება, ეს არის თვალშისაცემი და ღამის ძილი არ აქვს მოწესრიგებული, რაც მნიშვნელოვანი ნევროლოგიური ფაქტორია. პრაქტიკულად აქვს ძალიან სერიოზული პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც განვითარდა, რა თქმა უნდა, წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ. ამიტომ ჩემი შთაბეჭდილებითაც კი, მე ვნახე იგი რამდენიმე დღის წინ, ახლა მისი ფიზიკური მდგომარეობა არის ძალიან სუსტი“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა.
ხატია დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია საკნად გადაქცეულ პალატაში წარმოუდგენელია.