logo
ENG



დეკანოიძე: ქართული ოცნება შიშის გამო გაექცა ყველაზე მთავარ ოპოზიციურ ძალას

08 ივნ 202117:59
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება 8 ივნისის პლენარული სხდომის დროზე ადრე დახურვას და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ეს შიშის გამო გააკეთა. მისი თქმით, მმართველ უმრავლესობას შეეშინდა ნიკა მელიას გამოსვლას ფრაქციის დროით. 

"ეს ადასტურებს მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ისინი, ქართული ოცნება, უმრავლესობა, რომელსაც არავითარი საყრდენი არ აქვს, გაექცნენ შიშის გამო ყველაზე მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა.

10 წუთში ბატონმა კუჭავამ, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ ნეიტრალურია, მიიღო გადაწყვეტილება, დაესრულებინა სხდომა. ეს პირველ რიგში ჩემთვის და ყველა ჩემი მეგობრისთვის, ვინც შემოვედით საპარლამენტო საქმიანობის დასაწყებად, ადასტურებს ერთ ფაქტს, რომ ამ გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი საყრდენი, ერთადერთი, რაც შეუძლიათ, ენმ-სა და ძალა ერთობაშიას ბლოკის წევრების შიშით, 10 წუთში დაასრულონ საპარლამენტო სესია ისე, რომ არცერთი საკითხი არ განიხილონ.

მათ, ასევე შეეშინდათ ნიკა მელიას ფრაქციის დროით გამოყენებული დროით პოლიტიკური მიმართვის და ჩვენი ბლოკის ყველა წევრის ჩართულობის ამ სესიაზე", - თქვა დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. 

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ ისე დაასრულა, რომ ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას ფრაქციის დროით სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.

17:00 საათზე, სხდომის განახლებისას, რა დროსაც უკვე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებიც შეუერთდნენ სესიას, ოცნებამ დღის წესრიგი შეცვალა. სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა, რომ დღეს სხდომა დასრულებულია და უკვე ხვალ, 9 ივნისს განახლდება სესია. ამ განაცხადისას დარბაზში ენმ-ს დეპუტატების ნაწილი იყო შესული. მათ შორის, სხდომაზე ჯერ კიდევ არ იყო შესული ნიკა მელია. 

ენმ-ს დეპუტატები პარლამენტის შენობაში დღის მეორე ნახევარში მივიდნენ, იმ დროს, როცა სესიაზე შესვენება იყო გამოცხადებული. მისვლისას ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სხდომაზე სიტყვით გამოვიდოდა და ისეუბრებდა ყველა საკითხზე. ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ დააზუსტა, რომ მელია გეგმავს, ფრაქციის დროით ისარგებლოს და ძირითადი განცხადება გააკეთოს. 

 


close დახურვა