ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა ოპოზიციისთვის მიუღებელია, არ აპირებენ, ქართულ ოცნებას "რადიკალური ნაბიჯის გადადგმის საშუალება მისცენ".
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, თუ მმართველ გუნდს სურს, მოქალაქეებისკენ ნაბიჯი გადადგას, მომლაპარაკებელი უნდა შეცვალოს.
"გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი, გამოძიება უნდა იყოს დაინტერესებული. მნიშვნელოვანია, რომ თუ ქართულ ოცნებას სურს რაიმე სახის ნაბიჯი გადმოდგას საქართველოს მოქალაქეებთან, გამოცვალოს მომლაპარაკებელი და წარმოადგინოს სხვა პოლიტიკური ფიგურა, იმიტომ, რომ ღარიბაშვილი არის სრულად მიუღებელი. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, მათ მივცეთ რაიმე სახის რადიკალური ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რომ მოლაპარაკებები ქართულმა ოცნებამ ჩაშალოს", - განაცხადა დეკანოიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი ჩარჩო შეთანხმების 6-ვე პუნქტი შესრულდება.
"დარწმუნებული ვარ, 6-პუნქტიანი ჩარჩო შეთანხმება აუცილებლად შესრულდება. შესრულდება ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლებით და ვადამდელი არჩევნებით", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მას შემდეგ, რაც ტვ პირველის ეთერით გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან ერთად არასრულწლოვნების მიმართ ანგარიშსწორებას გეგმავს, ოპოზიციის ნაწილმა თქვა, რომ მოლაპარაკების პროცესში ღარიბაშვილთან საუბარს არ აპირებდა.
***
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.
თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასევე, მოთხოვნილია სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება.
მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომა.