ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩერდეს, საგანგაშო გზავნილია.
მისივე თქმით, ეს განცხადება არის მინიშნება, "რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ნამდვილად საფრთხის ქვეშაა".
როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ამ საკითხში სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა.
"პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მას შემდეგ, რაც საქართველომ დეკლარირებულად აირჩია დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო. აქ არის ერთი ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანო ფრაზა ჩადებული, როდესაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა სასწორზეა დადებული, ამიტომ ჩემთვის და ყველა მოქალაქისთვის ამას განსაკუთრებული დატვირთვა უნდა ჰქონდეს. სრული პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე", - აცხადებს დეკანოიძე.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადება ძალიან მნიშვნელოვან გაფრთხილებად უნდა მივიღოთ.
"ეს განცხადება უნდა მივიღოთ როგორც არა რიგითი განცხადება, არამედ ეს განცხადება უნდა მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვან, სერიოზულ გაფრთხილებად ჩვენი მომავალი საგარეო პოლიტიკის კურსის შესახებ", -აღნიშნა დეკანოიძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს. მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.