გრიგოლ ვაშაძის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვებას, მისივე თანაპარტიელი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს პოზიციების ვერდაახლოების გამო. დეკანოიძე ვაშაძეს მადლობას უხდის და ამბობს, რომ პარტიაში ცვლილებებს ყველამ "ადამიანურად" უნდა შეხედოს.
"პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავჯდომარეს შორის. თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ - დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში. სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ".
დღეს, 15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს.
ვაშაძე Facebook გვერდზე წერს, რომ ის არ ეთანხმება პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.
ვაშაძე ასევე წერს, რომ პარტიის დატოვების ერთერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა."