ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებაზე ადეკვატური რეაგირების და და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, პანსიონში მყოფი ბავშვების დასაცავად სახელმწიფო არაფერს აკეთებს.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც სახელმწიფო კანონმდებლობა ავალდებულებს მათ ბავშვებზე ზრუნვას, რომ სასწრაფო წესით მიიღონ ადეკვატური ზომები იმისთვის, რომ ყოველდღიური გულგრილობა და სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დანაშაული - სიჩუმე, არ გადაითარგმნოს ბავშვებზე ძალადობაზე.
ეს არის წარმოუდგენელად მძიმე ვითარება, როდესაც სახელმწიფომ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ადეკვატური ზომები მიეღო და დაეცვა ბავშვები, რომლებიც წარმოდგენილი გვაქვს ყველას, რა მძიმე ვითარებაში არიან", - ამბობს დეკანოიძე.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა პანსიონში მყოფი ბავშვების დასაცავად მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ყველასთან, მათ შორის ომბუდსმენის აპარატთან.
"ეს არის ბრძოლა და თითოეულმა ჩვენგანმა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვები დავიცვათ ძალადობისგან და ამისთვის ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათ შორის სახალხო დამცველთან. ყოველი დღე სიჩუმის და სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობის შეიძლება საბედისწერო იყოს ბავშვებისთვის", - ამბობს დეკანოიძე.
სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.
გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.
პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.