logo
ENG



დეკანოიძე პარლამენტის პირველ სხდომაზე: ვაპირებთ განცხადებების დაწერას და სიების ჩახსნას

10 დეკ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე პარლამენტის პირველ სხდომაზე: ვაპირებთ განცხადებების დაწერას და სიების ჩახსნას

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხვალ, 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, პარტიის წარმომადგენლები სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებების დაწერას გეგმავენ.

დეკანოიძემ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შემთხვევაში, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან პარლამენტში შესვლის მზაობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ცვლილებებს მმართველი გუნდი საკუთარი სურვილის შესაბამისად განახორციელებს.  

"ცოტა წინააღმდეგობრივი განცხადებები გვესმის იმ პოლიტიკოსებისგანაც და იმ პარტიებისგანაც, ვინც ცოტა ჩამოყალიბებული არ არის და საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის გადმოგდებულ ნამცეცებზე შეიძლება დათანხმებულიყო. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებებზე კობახიძემ ძალიან გასაგებად და დამცინავად უპასუხა, რომ ჩვენ თვითონაც მივიღებთ ამ ცვლილებებსო, ანუ მიიღებენ ისე, როგორც მათ სურთ.

ხვალ ვაპირებთ განცხადებების დაწერას და სიების ჩახსნას, როგორც ეს არის კანონმდებლობის ნორმით გათვალისწინებული. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კობახიძე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ღიად და რეპრესიებით დაემუქრა მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, რომ რეგისტრაციიდან ჩახსნიდა და ყველა იმ ადამიანს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებსაც, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი", - განაცხადა დეკანოიძემ.

ალეკო ელისაშვილი პირველია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, ვინც ღიად თქვა, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა პარტიები ამ დრომდე საჯაროდ კვლავ ბოიკოტს ემხრობიან იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის მისაღები შეთანხმება არ შედგა.

პარტიების უმრავლესობა შეთანხმების ნაწილად განიხილავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის დანიშვნაც შესთავაზა. ამ ეტაპზე ხელისუფლება არც ერთი ამ მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. საარჩევნო რეფორმა მოთხოვნების კიდევ ერთი ნაწილია - აქ მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეთანხმების მეტი სივრცეა.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ხვალ შეიკრიბება. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატები დაესწრებიან.


close დახურვა