ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის შესახებ ასოცირების შეთანხმების შესრულების და უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებს ქმნის.
"ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც უარს ამბობს თითქოს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მიღებაზე ( სინამდვილეში ევროკავშირმა 2018 წელს მოლდოვის მსგავსად შეუჩერა ტრანში) ნიშნავს:
- ასოცირების შეთანხმებას საფრთხე ექმნება, უბრალოდ ვერ შეასრულებენ;
- მალე შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უვიზოს გადახედვა ლუკშენკოზაციის ფონზე.
და რუსეთს. აი, ასეა ეს მწარე სიმართლე". - წერს დეკანოიძე.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.
ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია.
ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".
გუშინ, 30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი".
ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო, მეორე ნაწილის გადმორიცხვა კი 2021 წლის ბოლოს უნდა მოხდეს.
23 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.
"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით".- თქვა შარლ მიშელმა.