„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეწყალების ახალი წესის შემუშავების საკითხს აფასებს და აცხადებს, რომ რეალური პრობლემა საზოგადოების მხრიდან პრეზიდენტისადმი უნდობლობაა. დეკანოიძე თვლის, რომ არ არსებობს იმის ფორმულა, თუ რა ბერკეტებს უნდა ემყარებოდეს შეწყალება.
„იმ შემთხვევაში, როცა პრეზიდენტს არ აქვს არანაირი ნდობა საზოგადოებაში, ეს არის რეალური პრობლემა ყველა სამართლებრივი კუთხით. რეალურად არ არსებობს ფორმულა იმისა, თუ რა ბერკეტებს უნდა ემყარებოდეს შეწყალება. სასაცილო იყო ის სცენა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარმოგვიდგინა წულუკიანი, თალაკვაძე ზურაბიშვილის სახით. მთელი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს გაწერილი მექანიზმი, საზოგადოებისთვის არ არსებობს ნდობით აღჭურვილი პირი“, - აცხადებს დეკანოიძე.
ექსპერტი ზურაბ ჯიბღაშვილი თვლის, რომ თავად პრეზიდენტი ამბობს, რომ უუნაროა, მმართველ ძალა კი თავის მხრივ ეუბნება, რომ შენ იყავი შენთვის, რა და როგორ უნდა იყოს, ჩვენ გადავწყვეტთ.
„ერთის მხრივ, პრეზიდენტის განაცხადი იმაზე, რომ ის უუნაროა ქმედითად შეასრულოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული საკითხები, ამაშიც დამოკიდებულია მმართველ პოლიტიკურ ძალაზე, მეორეს მხრივ, მმართვლი ძალის პასუხი, კი ბატონო, შენ იყავი შენთვის რა და როგორ უნდა იყოს ჩვენ გადავწყვეტთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არ არის უფლებამოსილი, პრეზიდენტს მიუთითოს კრიტერიუმები და პრინციპები, რომელზე დაყრდნობითაც უნდა განახორციელოს, უშუალოდ მისთვის მინიჭებული უფლება“, - აცხადებს ჯიბღაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალი წესი შეიმუშავა. ბრძანებულების პროექტი, შესაბამისი რეკომენდაციებისთვის, საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა იმსჯელეს. სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება დროულად მოხდება.