logo
ENG



დეკანოიძე შსს-ს მიმართავს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისნის საოლქოსთან დაკავებულები

05 ნოე 202001:55
3 წუთის საკითხავი
 

ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებული ადამიანები. 

"მივმართავ შსს-ს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს, ის ადამიანები, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააკავეს. ვაძლევ ვადას, რამდენიმე წუთს და შემდეგ მე მივდივარ სამინისტროსთან.ისინი უკანონოდ დააკავეს, იმიტომ, რომ გამოთქვამდნენ პროტესტს იმ გაყალბებაზე, რომელიც ამ ოლქში ხდება. არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ტერორისტებს ვერ იჭერენ, ვერ იჭერენ ზონდერებს, რომლებიც გადატენილ იარაღს შუბლზე ადებენ და ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ ახოხიალეს დაბლა. ამიტომ ახლავე გაათავისუფლეთ დაკავებულები, თქვენი დრო აღარ არის". - მიმართა მან სამართალდამცველ უწყებას. 

ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, 9 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, ენმ-ის საჩხერის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი კაპანაძე. კაპანაძე და კიდევ ერთ პირი უკვე თავისუფალია. 7 ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები კომისიის სხდომაზე უფლებამოსილი პირების დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. კომისიის სხდომებიდან დამკვირვებლების ნაწილი გამოაძევეს, ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

პარალელურად განცხადება გაავრცელა სამართლიანმა არჩევნებმა და მიუთითა, რომ სხდომებზე მათი და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს საჩივრები განუხილველად დატოვა. რაც განიხილა, არ დააკმაყოფილა. 

აქციები გაიმართა სხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 

ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.  


close დახურვა