logo
ENG



დეკანოიძე ცქიტიშვილს: ამორალურია, მძიმე ვითარება საკუთარ ხალხს გადააბრალო

24 ნოე 202018:11
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე ცქიტიშვილს: ამორალურია, მძიმე ვითარება საკუთარ ხალხს გადააბრალო

ენმ - ძალა ერთობაშიას ლიდერი ხატია დეკანოიძე მაია ცქიტიშვილის განცხადებას ამორალურს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მძიმე ვითარების ოპოზიციაზე გადაბრალებას იმიტომ ცდილობს, რომ არ იცის ჩიხიდან ქვეყანა როგორ გამოიყვანოს. 

"ეს არის წარმოუდგენლად ამორალური განცხადება. ისეთ ვითარებაში, როდესაც უკიდურესად ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა, საკუთარ ხალხს დააბრალო, პირველ რიგში, ვირუსის გავრცელება, ადამიანებს, რომლებიც მოპარული არჩევნების და საკუთარი ხმის დასაცავად გამოვიდნენ გარეთ. წარმოუდგენლად ამორალური განცხადება იყო. არავითარი გამოსავალი ამ ჩიხიდან ხელისუფლებას არ შემოუთავაზებია და ისევ ოპოზიციას გადააბრალა ეს ძალიან მძიმე ვითარება", - ამბობს დეკანოიძე. 

დღეს ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, მათ შორის, არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების მიერ დაწყებული პოლიტიკური კამპანიის და აქციების ბრალია. 

ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, არ დაეცვათ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული წესები. 

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როცა ვხედავთ ასეთ აქციებს, ასეთ აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება, პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს ამ რიცხვებში და სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც გვაქვს", - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 39 ადამიანი. 


close დახურვა