გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.
დეკანოიძე ამბობს, რომ ქალაქში ყოველდღე იმატებს ძალადობის პროპაგანდის შემცველი ბანერები, რაც დაუშვებელია.
მისი თქმით, კომისიამ ოპოზიციის სარჩელი დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, რადგან სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით საარჩევნო კოდექსი ირღვევა.
"მინდა მივმართო ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - დაუშვებელია საარჩევნო მოწოდება შეიცავდეს ზიზღის და ძალადობის პროპაგანდას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევა. მოვუწოდებ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ განიხილოს სარჩელი, საზოგადოებას საჯაროდ შეატყობინოს თავისი პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ეს პოზიცია არ დაემთხვევა საარჩევნო კოდექსში გაწერილ მუხლებს, მაშინ ჩვენ ჩავთვლით, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ქუთაისში არის ქართულ ოცნებასთან შეზრდილი დეპარტამენტი", - თქვა დეკანოიძემ.
სიძულვილის ენის შემცველი ბანერები როგორც თბილისში, ისე ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორისა და თელავის ქუჩებში რამდენიმე დღეა გამოჩნდა.
"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.
წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერს გადააკრეს.
კომპანია ალმა აცხადებს, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსთან შეხება არ აქვს და მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და ალმას კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე განათავსეს.
20 სექტემბერს NCDC-მ კომპანია ალმას ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით ჩანაცვლება მოთხოვა.