ბრიუსელთან პოლიტიკური ჭიდაობით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა მკვეთრი არჩევნის წინაშე დააყენა. 500 მილიონ ევროს, რაც კოვიდისგან დასუსტებულ ქართულ ეკონომიკას ხელოვნურ სუნთქვასავით სჭირდება, ევროპარლამენტარებმა პირობად პოლიტპატიმრების გამოშვება და საარჩევნო რეფორმა დაუწესეს.
ამ ფინანსური დახმარების შეჩერებას შესაძლოა მოჰყოლოდა უარი იმ სიკეთეებზე, რომლებიც საქართველომ დემოკრატიული რეფორმების ჯილდოდ მიიღო. უფრო მეტად დასუსტდებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციებიც.
რომ არა დასავლელი პარტნიორების უმკაცრესი რეაგირება, ცხადია, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯების გამო, ქართული საზოგადოება მნიშვნელოვნად დაზარალდებოდა.