უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც დენისოვა ამბობს, სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დროებითი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე.
როგორც უკრაინის ომბუდსმენი ამბობს, რომ მე-18 დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და მოითხოვს, რომ სააკაშვილი "დაუყოვნებლივ მოათავსონ კლინიკაში".
"მოვითხოვ მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ მოთავსებას საავადმყოფოში, რომელიც აღჭურვილია გადაუდებელი რეანიმაციისთვის და აკმაყოფილებს ასეთი პაციენტების სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტებს, ექიმთა საბჭოს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით", - აცხადებს დენისოვა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვკითხულობთ, რომ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ [ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ]; დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა.
მიხეილ სააკაშვილის იურისტები ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დროებითი ღონისძიების მიღების მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი საერთაშორისოდ აღიარებულია.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმაზე, რომ საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა არაფერს ამბობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილზე.
მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს.