უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინელი მოქალაქეები რუსეთის ტყვეობიდან დახსნის შემდეგ იმ წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტებსა და არაადამიანურ პირობებზე საუბრობენ რაც ტყვეობისას გამოცადეს.
დენისოვას თქმით, მძევლობიდან დახსნილებს მძიმე დაზიანებები აქვთ, ზოგიერთ მათგანს სეფსისი განუვითარდა და კიდურები მოკვეთილი აქვს.
დენისოვა აცხადებს, რომ რუსები წამების სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე სცემდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ნაწილს კი სიცივეში ამყოფებდნენ და მიზანმიმართულად უყინავდნენ კიდურებს, რომელთა ამპუტაციაც საჭირო ხდებოდა.
„მძევლად ყოფნისას რაშისტები უკრაინელ კაცებს ფეხსაცმელს ხდიდნენ, რომელსაც წყლით ავსებდნენ და ხელახლა აცმევდნენ. ამის შემდეგ კი მძევლებს აიძულებდნენ სიცივეში, მიწაზე სახით 3-4 დღის განმავლობაში დაწოლილიყვნენ.
გაყინული კიდურებით ისინი რუსულ ბანაკებში მიჰყავდათ, შემდეგ კი SIZO № 1-ში - რუსეთის ქალაქ კურსკში მდებარე ციხეში გადაჰყავდათ, სადაც მათ არანაირ სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ“ - აცხადებს დენისოვა.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის თქმით, ოკუპანტები უკრაინის მოქალაქეებს რუსული პატრიოტული სიმღერების სწავლას აიძულებდნენ და ფიზიკური ძალადობის შემდეგ აიძულებდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც რუსები კარგად ექცეოდნენ.
„უკრაინელებს ისინი პატიმრების ფორმებს აცმევდნენ, თმას სჭრიდნენ, აწამებდნენ და რუსულ პატრიოტულ სიმღერებს ასწავლიდნენ, რათა მათი მეთაურებისთვის ემღერათ.
დაკითხვები დღეში 2-3ჯერ ტარდებოდა, რის შემდეგაც უკრაინის მოქალაქეებს სცემდნენ, შემდეგ კი აიძულებდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომელშიც ეწერა, რომ მათ კარგად ექცეოდნენ“, - აცხადებს ლუდმილა დენისოვა.
დენისოვას თქმით, რუსებმა ისეთი ტყვეების გაცვლა გადაწყვიტეს, ვისაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ყინვის გამო კიდურები ან თითების ამპუტაცია დასჭირდა.
სახალხო დამცველის თქმით, ოკუპანტებმა დაჭრილი უკრაინელები სასწრაფო დახმარების მანქანების ნაკლებობის გამო საკაცეებზე დააწვინეს და სატვირთო მატარებლებით გამოგზავნეს.