მთავრობის გადაწყვეტილებით, "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის" შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას.
"სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. პროცესში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება - კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები.
წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, დისკუსია, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში შემუშავდეს სახელმწიფოებრივი ხედვა ხვალინდელ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოზე", - ნათქვამია განცხადებაში.