logo
ENG



დეპრესიის ნიშნები ახალგაზრდებში, შფოთვის სიმპტომები და ფიქრები სუიციდზე - UNICEF-ის კვლევა

08 მაი 202318:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/e95wnm2z9oai6fk.png

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ყოველ მესამეს აწუხებს დეპრესიის ნიშნები და სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე.

UNICEF-მა კვლევა საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.

სტუდენტების 72% ამბობს, რომ მისთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელისშემშლელი იყო ყოველდღიური აქტივობებისა და ურთიერთობებისთვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული სტუდენტების 97%-ს სმენია ტერმინი „ფსიქიკური ჯანმრთელობა“, მათი მესამედი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გრძნობებსა და გამოცდილებებზე არავისთან უსაუბრია. სტუდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ თუ მიხვდება, რომ სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარება, არავის მიმართავს დახმარებისთვის და ეცდება პრობლემა თავად მოაგვაროს.

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღების ბარიერებს შორის დასახელდა ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე სპეციალისტთან ვიზიტის და მედიკამენტების მაღალი ფასები, სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის მიმართ უნდობლობა და შიში, რომ მომსახურების მიღებისას არ იქნება დაცული კონფიდენციალურობა.

სტუდენტების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში სტუდენტების უმრავლესობა ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტიდან გეგმავს სხვადასხვა ვებგვერდის, იუთუბ არხების, ინფლუენსერების ბლოგების, სოციალური ქსელების და საძიებო სისტემების დახმარებით. თუმცა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების აზრით, ინტერნეტით მიღებული ინფორმაცია არ არის სანდო, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ინფორმაცია სამედიცინო წყაროებს ეყრდნობოდეს.

დარგის ექსპერტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების შეფასებით, ახალგაზრდებისთვის არ არის ხელმისაწვდომი მხარდამჭერი, პრევენციული ან სარეაბილიტაციო სერვისები. სპეციალისტებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და სარეაბილიტაციო პროგრამების, მათ შორის ფსიქიკური აშლილობებისა თუ ადიქციის მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდების გარემოსთან რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების განვითარება. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის დასახელდა სუიციდის პრევენციის პროგრამის შექმნა, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა; სოციალური მუშაკების მომსახურების და მობილური ჯგუფების მეტად განვითარება.

UNICEF-ში აცხადებენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ახალგაზრდები ყველაზე ხშირად დეპრესიით, შფოთვითი აშლილობებით ან პანიკური შეტევებით მიმართავენ. ახალგაზრდებში მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და მათგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემებიც - პარანოია, ჰალუცინაციები, ძილის დარღვევები.

კვლევაზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შესაბამისი სახელმწიფო სერვისების განვითარებას, რომელიც ახალგაზრდებისთვის უფასო და სტაბილური იქნება. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და პროგრამების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, იმისთვის, რომ ეს მომსახურება იყოს მათთვის საინტერესო და მიმზიდველი. იმისათვის, რომ შემცირდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების მიღების ბარიერები, აუცილებელია საზოგადოებაში და მათ შორის, ახალგაზრდებში გაიზარდოს ცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.

კვლევა 2022 წელს ჩაატარა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი ბავშვთა უფლებების ცენტრებმა. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ქუთაისის, ბათუმის გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდის და სოხუმის უნივერსიტეტის 2995 სტუდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები ჩატარდა გასული წლის 17 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში. სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან.

აღნიშნული კვლევის შედეგები UNICEF-მა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების კომიტეტის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე, 10 აპრილს წარადგინა.


close დახურვა