logo
ENG



დეპუტატი შუქრუთელების აქციაზე: აი, მაგალითად, დაიწყეთ შიმშილი, მინდა მილიონი დოლარი

02 ივნ 202112:18
3 წუთის საკითხავი
 

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, "არაბუნებრივი მოთხოვნა" უწოდა შუქრუთელების საპროტესტო აქციას, სოფელში მათი საცხოვრებელი ადგილის დაზიანების კომპენსაციაზე.

დეპუტატი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები კომპანიის შეთავაზებას არ თანხმდებიან და საჭიროა კომპრომისის გამოძებნა. მათ მოთხოვნებზე საუბრისას ის ჟურნალისტს მიმართავს: "აი, მაგალითად, თქვენ დაიწყეთ შიმშილი, მინდა მილიონი დოლარი".

"არის 300-მდე ოჯახი, აქედან, 11 არ ეთანხმება, დანარჩენები ეთანხმებიან იმ პირობებს, რასაც კომპანია GM ეუბნება. რთული სიტუაციაა და ეს უნდა გადაწყდეს აუცილებლად კომპრომისითა და მოლაპარაკებებით. 

[შიმშილობის გამო] ძალიან ცუდია და ვწუხვარ, მაგრამ თუ არ შევთანხმდით, ხომ არ შეიძლება, იყოს არაბუნებრივი მოთხოვნა? იქ არის აუდიტის დასკვნები, მოშიმშილეები ითხოვდნენ, რომ სხვა აუდიტს ანუ სამხარაულს შეემოწმებინა, ამაზე GM დაეთანხმა, ახლა კიდევ სხვა მოთხოვნებია და ეს პროცესი მიდის. [...] 

მთავარი თემა აქ რა არის იცით? მე, რა თქმა უნდა, მათ მხარეს ვარ, რად უნდა ამას ორი ლაპარაკი... აი, მაგალითად, თქვენ დაიწყეთ შიმშილი, მინდა მილიონი დოლარი. მე არ მითქვამს რომ ისინი ითხოვენ ამას... რომ ამბობთ, თუ შიმშილობს, ე.ი. გარანტირებულად ასე უნდა იყოსო, მაშინ ყველა დავიწყებთ შიმშილობას. საერთოდ, ჭიათურა მძიმე სიტუაციაშია და ეს 1 წლის ამბავი არაა", - ამბობს დეპუტატი.

იგი, ასევე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები თბილისში გადმოსვლის შემდეგ არ უნახავს, რადგან თავის სამაჟორიტარო ოლქში იყო ჩასული. პროცესში საკუთარ ჩართულობაზე საუბრისას, დეპუტატი ამბობს, რომ მოშიმშილე, პირამოკერიულ აქციის მონაწილეებს ჭიათურაში წყლით უზრუნველყოფს:

"სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ იქ ჭიათურაში, სადაც ისინი ბრძანდებიან, ცუდია ამას რომ ვამბობ, მაგრამ სასწრაფო დგას, ჩვენგან თუ რამე სჭირდებათ, წყალია თუ სხვა რამე... კი ბატონო". 

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 106 დღეა ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ. აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეთაგან 5 კაცია, 3 კი ქალი.

მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა. 

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს მიმართავენ, დაეხმაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენაში.

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.


close დახურვა