საოკუპაციო რეჟიმი ოფიციალურ თბილისს საქართველოს დაკავებული მოქალაქის ოჯახის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი მომხდარის გამო მაქსიმალური აჟიოტაჟის გამოწვევაა.
ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ "ზაზა გახელაძე საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნის ბრალდებით დააკავეს, ამიტომ ახლა მას საქართველოს ხელისუფლებისა და მისი დასავლელი კურატორების მხარდაჭერა კი არა, კვალიფიციური იურიდიული დახმარება ესაჭიროება".