39 გარდაცვლილი, რომელთა ცხედრებიც დიდ ბრიტანეთში იპოვეს, ჩინეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. ესექსის საგრაფოში ისინი, სავარაუდოდ, ბელგიის ერთ-ერთი პორტიდან გადაიყვანეს, თუმცა სატვირთო, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, ბულგარეთშია დარეგისტრირებული.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ოფიციალური ცნობით, სატვირთოს მფლობელი კომპანიის მესაკუთრე ირლანდიელია. ჩხრეკა ჩატარდა ჩრდილოეთ ირლანდიის რამდენიმე დასახლებაში. გამოძიება თვლის, რომ შესაძლოა, კვალი სწორედ ჩრდილოეთ ირლანდიურ კრიმინალურ დაჯგუფებებთან მიდიოდეს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონიდან 32 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ გრეისის ინდუსტრიულ ზონაში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ვერსიით, ჰიპოთერმია გახდა, რადგან სატვირთო განყოფილებაში ჰაერის ტემპერატურა, შესაძლოა, -25 გრადუსი ყოფილიყო. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, 25 წლის სატვირთოს მძღოლი, თუმცა ბრიტანეთის ხელისუფლება ყველა პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და დასჯის პირობას დებს.