შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1984 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავა.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი - 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
უწყების ცნობით, მიყენებული ჭრილობების შედეგად შ.ქ. ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, თ.გ. კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.