24 თებერვალს გამართულ ონლაინ სამიტზე ე.წ. დიდი შვიდეულის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იღებენ ვალდებულებას დაეხმარონ უკრაინას "გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების" დაკმაყოფილებაში და მიიღონ ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენის პროცესში.
"ჩვენ დავეხმარებით უკრაინას დააკმაყოფილოს თავისი გადაუდებელი დაფინანსების საკითხები და დავეხმაროთ სხვა დაუცველ ქვეყნებს, რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ რუსეთის მიერ წამოწყებული ომით", - აღნიშნეს მათ.
სახელმწიფოების ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა არ უნდა მიაღწიოს წარმატებას უკრაინის ეკონომიკის დანგრევაში და ამით აინაზღაუროს ბრძოლის ველზე განცდილი მარცხები.
დიდი შვიდეულის სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თავიანთ ვალდებულებას უკრაინის აღდგენის საკითხში. ლიდერების განცხადებით, ისინი გააგრძელებენ მუშაობას მთავარ დონორებთან და ამ საკითხთან დაკავშირებით, 2024 წელს ბერლინში, ხოლო 2025 წელს რომში გამართავენ კონფერენციებს.
ცნობილია, რომ უკრაინის მაკროფინანსური დახმარების საკითხი სირთულეებს აშშ-ის კონგრესში დამატებითი საფინანსო დახმარების პროექტის დამტკიცების შეფერხების გამო აწყდება და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ საბოლოო კანონპროექტი მხოლოდ სამხედრო დახმარებას მოიცავდეს.