logo
ENG



დიდი შვიდეულის ლიდერები ღაზას სექტორში ბაიდენის სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერენ

04 ივნ 202411:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/04/py7ti72hz3wrgh2.jpg

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ გეგმას, რომელიც ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, სრულად უჭერენ მხარს.

ორშაბათს, 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი შვიდეული "მშვიდობისკენ მიმავალი სანდო" გზის მიმართ მხარდაჭერას კვლავ ადასტურებს.

"ჩვენ, დიდი შვიდეულის ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარმოდგენილ ყოვლისმომცველ შეთანხმებას... კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის მიმართ, რომელიც კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერები ჰამასს მოუწოდებენ, შეთანხმებას დასთანხმდეს.

"მოვუწოდებთ ჰამასს, მიიღოს ეს შეთანხმება და მოვუწოდებთ ქვეყნებს, რომლებსაც ჰამასზე გავლენა აქვთ, მას ამის გაკეთებაში დაეხმარონ", - აღნიშნულია განცხადებაში.

31 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი, სამეტაპიანი წინადადება წარადგინა. ბაიდენის თქმით, დროა "ეს ომი დასრულდეს". ამან ჰამასში დადებითი რეაქცია გამოიწვია.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთის, თურქეთისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სატელეფონო საუბარი გამართა და მათთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა განიხილა.

თუმცა, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შეთანხმება იქამდე ვერ შედგება, სანამ ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები სრულად არ განადგურდება.


close დახურვა