logo
ENG



დიდმა ბრიტანეთმა ვაგნერი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

15 სექ 202317:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/15/p67fld4d91oudzn.jpg

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის. მათ, ვინც აქტიურად უჭერს მხარს ვაგნერს ან მის რიგებში არიან, ახლა 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინია, რომელიც ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრი იყო. მას პუტინის ე.წ. მზარეულსაც უწოდებდნენ. პრიგოჟინი მართავდა ტროლების ქარხანასაც.

ვაგნერის მებრძოლები მონაწილეობდნენ სირიისა და სამხრეთ აფრიკის კონფლიქტებში. ასევე, ჩართულნი არიან რუსეთის სრულმასშტაბიან ომში უკრაინის წინააღმდეგ.

ევგენი პრიგოჟინს ღია კონფლიქტი ჰქონდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მათ საბრძოლო მასალების მიწოდების შეფერხებაში ადანაშაულებდა. 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

აჯანყებიდან ორ თვეში კი პრიგოჟინი დაიღუპა. 

კერძო თვითმფრინავი Embraer, რომელზეც ვაგნერის დამფუძნებელი იმყოფებოდა და მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, 23 აგვისტოს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და ვაგნერის მეთაურები. მგზავრებს შორის იყვნენ ვალერი ჩეკალოვი, ვაგნერის მეთაური დმიტრი უტკინი, დაცვის თანამშრომლები სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი და ნიკოლა მატუსეევი, ასევე სამოქალაქო მფრინავები და ბორტგამცილებელი.

ამ დრომდე კატასტროფის მიზეზი უცნობია.

კრემლი "აბსოლუტურ ტყუილს" უწოდებს ყველა განცხადებას, რომ პრიგოჟინი პუტინის დავალებით მოკლეს.


close დახურვა