დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან, სტრატკომთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა Byline Times წერს. როგორც სტატიიდან ირკვევა თანამშრომლობა მარტში შეწყდა და ამას სტრატკომის მიმართ გამოთქმული არაერთი ბრალდება უძღოდა.
საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი 2015 წელს დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით NATO-ს ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა, რათა ხელი შეეწყო შავი ზღვის ქვეყნების მედეგობისთვის რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის განყოფილება იღებდა ტრენინგებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ალიანსის ექსპერტებისგან, ასევე ესწრებოდა და მასპინძლობდა კიდეც კონფერენციებსა და ანალიტიკურ შეხვედრებს პუტინის პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.
თუმცა, Byline Times აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც მთავრობა ანტიდასავლურ ტრაექტორიას შეუდგა, სტრატკომი გახდა იმ საქმიანობის მსხვერპლი, რომლისგან დასაცავადაც შეიქმნა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართველი დამკვირვებლების არაერთი ანგარიშის აჩვენებს, რომ რუსულ სტილში პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისთვის სტრატკომი დიდი ხანია ტროლების ანგარიშებს იყენებს, ასევე ყალბი ამბებისა და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებისთვის იმ პარტნიორების შესახებ, რომლებიც მათ მხარს უჭერდნენ.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ NATO-ს ინიციატივა 2024 წლის მარტში დასრულდა. ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებმა იცოდნენ StratComs-ის წინააღმდეგ ბრალდებების შესახებ, მაგრამ მოგვიანებით განაცხადეს, რომ "პირველად ამ ცნობების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გაიგეს, მა დროისთვის დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული საკომუნიკაციო მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი დასრულებული იყო".
ინსაიდერის ინფორმაციით, "რა თქმა უნდა, გაერთიანებულმა სამეფომ იცოდა, რომ რესურსების ბოროტად გამოყენება ხდებოდა", და დაამატა, რომ ოფიციალურ პირებს სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ "გადასახადის გადამხდელთა ფულს გონივრულად არ იყენებდნენ".
Byline Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯეიმს კლევერლი, პირადად იყო ამის შესახებ ინფორმირებული, როდესაც გასული წლის მარტში თბილისში ვიზიტის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
წყარო, რომელიც იცნობს კლევერლის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამბობს, რომ ყოფილ მინისტრს პირდაპირ უთხრეს NATO-ს მიერ მხარდაჭერილი ქართული StratComs-ის წინააღმდეგ ბრალდებების შესახებ. კლევერლის ერთ-ერთმა თანაშემწემ სიტყვა "სირცხვილი" გამოიყენა.
არც კლევერლიმ და არც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცემის კითხვებს არ უპასუხეს. Byline Times წერს, რომ ეს ეწინააღმდეგება ბრიტანეთის უწყების ვერსიას, რომ პირველად სკანდალის შესახებ გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, რაც არა მხოლოდ აჩენს კითხვას თუ რატომ არ დაიხურა პროექტი მანამდე, არამედ კითხვეს აჩენს დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიმართაც, რომელმაც 2024 წელს StratComs-ის ყოფილი თანამშრომელი თავის გუნდში აიყვანა.