ანა დოლიძე სააპელაციო სასასმართლოს წინ აქცია-პერფორმანსს მართავს. დოლიძე სასამართლოს მისი სარჩელის დაგვიანებით განხილვის გამო აკრიტიკებს. საქმე ეხება მის სარჩელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ, სადაც დოლიძე გვრიტვიშვილს ღირსებისა და პატივის შელახვაში ადანაშაულებდა. გასულ წელს საქალაქო სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, სააპელაციო სასამართლოს კი საქმე ამ დრომდე არ განუხილავს.
დოლიძის საქმის სასამართლო განხილვა 27 ნოემბერს არის ჩანიშნული. იუსტიციის საბჭოს არამსოამართლე წევრის თქმით, სამოქალაქო დავების შემთხვევაში საქმე 5 თვეში უნდა განხილულიყო.
ანა დოლიძე საქმის გაჭიანურებას მოსამართლეობის შერჩევის პროცესს უკავშირებს. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში გაბატონებული კლანი მისთვის სასურველ კანდიდატების დანიშვნას ცდილობს, ვინაიდან როცა ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს უზენაესში, მოსამართლეები იქაც კლანისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„უზენაეს სასამართლოს დღეს სამოქალაქო სამართლის მოსამართლეები არ სჭირდება. პალატები სრულად დაკომპლექტებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, კლანი გადასვამს სამოქალაქო სამართლის მოსამართლეებს უზენაესში იმიტომ, რომ მსგავს საქმეებზე ისინი დახვდნენ იქ და დაიჭირონ კლანის მხარე ათასგვარი არგუმენტაციით. მთავარი მისი ტყუილი იყო, რომ მე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვიმყოფებოდი მოსკოვში, ეს არის ამონაწერი მისი ინტერვიუდან "TV პირველში", ეს არის ფაქტი და შეუძლებელია ამის დადასტურება, იმიტომ რომ ტყუილია“,-განაცხადა ანა დოლიძემ.
დოლიძისთვის არ უპასუხია დიმიტრი გვრიტიშვილს. როგორც მან „ფორმულანიუსს“ განუცხადა, ის განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
ანა დოლიძის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანს. დოლიძე ამბობს, რომ ის საქმის გასაჩივრებას ყველა ინსტანციაში აპირებს და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს.