იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაცია ფორმულას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს.
როგორც საბჭოში აცხადებენ, გვრიტიშვილმა კანდიდატურა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხსნა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.
არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.
ეს მოსამართლეები არიან:
- გოჩა აბუსერიძე;
- გიორგი გოგიაშვილი;
- ლევან თევზაძე;
- რევაზ ნადარია;
- ბიძინა სტურუა;
- ლაშა ქოჩიაშვილი;
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძეს და გიორგი შავლიაშვილს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს.
ქართულ ოცნებასთან ერთად კენჭსყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია - პარტია ევროპელი სოციალისტები, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური - პარტია საქართველოსთვის, ალეკო ელსაშვილი და ლევან იოსელიანი - მოქალაქეები.
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივნისს გადაუგზავნა.
არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.
ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული