„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერს. მისი განცხადებით, ოპოზიცია პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით მუდმივ დესტაბილიზაციას და აურზაურს ახდენს.
„ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა, აქამდეც გვქონდა მოლოდინი, რომ შეთანხმება ბოლომდე იქნებოდა მიღწეული, თუმცა ერთის გამოკლებით, ბატონი კახა ოქრიაშვილი რჩება თავის პოზიციაზე. ანუ მინუს ერთით, აბსოლუტური უმრავლესობა იქნება მომხრე და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას. ჩვენ მაჟორიტარები, რომლებსაც გვქონდა განსხვავებული პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ. წინააღმდეგობის საფუძველი არ გვაქვს, რამეთუ ჩვენი მოთხოვნა მიღწეულია ერთ შემთხვევაში ნაწილობრივ, ის, რომ მაჟორიტარულის შემადგენელი იქნება შენარჩუნებული. ამიტომ ჩვენ ვეთანხმებით ამას.
ასევე ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ შემდგომი ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, რაც ახალისებდა ოპოზიციას და ამის გამო ახდენდნენ მუდმივ დესტაბილიზაციას და აურზაურს, ეს ჩანაწერი გასწორდება. მხარს დავუჭერთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას“, - განაცხდა დიმიტრი ხუნდაძემ.