ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო მატჩის წინ "კონაჰი" მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.
"დინამო თბილისის" მეტოქე კლუბის 3 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდა ამისა, უელსელთა კიდევ ერთ მოთამაშეს COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნება.
"კონაჰის" ოფიციალური გვერდის თანახმად, მთელ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბსა და სტაფის წევრებს ტესტირება ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
უელსელებს "დინამო თბილისის" მასპინძლობა ექსტრემალურ პირობებში უწევთ. მათი განცხადებით, გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ხელი მოიტეხა, ხოლო 38 წლის ჯორჯ ჰორანმა საზარდულის ტრავმა მიიღო. ამჟამად, მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მხოლოდ 14 ფეხბურთელია.
UEFA "კონაჰს" შეხვედრის მასპინძლობის უფლებას ჯერჯერობით აძლევს.