logo
ENG



დიღმელაშვილი: არ ვიბრძვით სკამებისთვის, მთავრობაში სახეები და პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ

25 ივნ 202221:08
3 წუთის საკითხავი
 
დიღმელაშვილი: არ ვიბრძვით სკამებისთვის, მთავრობაში სახეები და პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ

სირცხვილიას დამფუძნებელი და სახალხო მოძრაობა შინ ევროპისკენ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისას, რაც 24 ივნისის აქციაზე გაჟღერებული ერთ-ერთი მოთხოვნაა, მასში არც სახალხო მოძრაობის და არც მოქმედი პოლიტიკოსები უნდა შედიოდნენ.

როგორც დიღმელაშვილი წერს, ეროვნული ერთობის მთავრობა უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების დროებითი ერთობა.

"ხაზი უნდა გაესვას, რომ არცერთი ადამიანი, ვინც საერთო სახალხო მოძრაობის სახელით საზოგადოებას ვესაუბრებით, არ ვიბრძვით სკამებისთვის. ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი, არამედ ხალხის ძალაუფლებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი მთავრობა ჩვენ წარმოგვადგენდეს და არა ოლიგარქს.

ეროვნული ერთობის მთავრობის წევრები შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კონსენსუსით, რათა დაიძლიოს პოლარიზაცია. ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ არც სახალხო მოძრაობის სახეები, არც მოქმედი პოლიტიკოსები. ეროვნული ერთობის მთავრობა უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების დროებითი ერთობა, შექმნილი ერთადერთი მიზნით - მშვიდობიანად და აუცილებელი რეფორმებით ატაროს ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელი ვადის მანძილზე", - წერს დიღმელაშვილი.

***

24 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ხელისფლების მიმართ მოთხოვნები გამოაცხადა. ამავე დროს, მათ 3 ივლისს აქცია დააანონსეს. 

"ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა."

მათი თქმით, ისინი აძლევენ ხელისუფლებას 1 კვირას იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის თანხმობა.

"იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება თუ ბიძინა ივანიშვილი, პირადად, ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს. დავანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ! მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ქალაქში, სოფელში, 3 ივლისამდე ჩვენ დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა!" - განაცხადა აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა. 


close დახურვა