პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება გაგრძელდება. აქციის ორაგნიზატორები ხუთშაბათს დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობასაც გეგმავენ. მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია. რუსთაველზე პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ვადამდელი პროპორციული არჩევნების შესახებ მოთხოვნა არ შესრულდება. როგორც „ფორმულას“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განუცხადა, მოსამართლეების თემის განხილვისას იგეგმება არაძალადობრივი პიკეტი.
„ხუთშაბათისთვის, 28 ნოემბერს იგეგმება პიკეტირება და სირცხვილის კორიდორი. შემდეგ სასესიო კვირაში დაკიდულ თარიღს გამოვაცხადებთ, როდესაც სასამართლო საკითხის განხილვას დაიწყებენ. აუცილებლად უნდა გავამწვავოთ ეს საკითხი. დაახლოებით 9-10 დეკემბრის მიდამოებში სასამართლოების თემის განხილვა. ერთი კვირით ადრე დაიკიდება დიდი თარიღი, რომელსაც მოჰყვყება არაძალადობრივი პიკეტი. ასე ვაჯანჯღარებთ სისტემას, სანამ ის აგურ-აგურ არ დაიშლება“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდისგან დაპირებას შესრულებას მოითხოვენ - ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.