logo
ENG



დიღმელაშვილი: პოლიციას აქვს მითითება, დააკავონ ისინი, ვინც პარლამენტის ტერიტორიიდან გავა

09 ნოე 202022:03
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა სირცხვილიას წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, პოლიციას აქვს მითითება, რომ დააკავოს აქციის ის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას მოშორდებიან.

"მინდა იცოდეთ, პოლიციას აქვს მითითება, რომ ამ ტერიტორიიდან ვინც გავა, ისინი დააკავონ. ამ ტერიტორიაზე ჩვენ ვართ დაცულები, სანამ ერთად ვართ, ძალა ერთობაშია. ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და აქ გავატაროთ მთელი ღამე ერთად", - მიმართა დიღმელაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეებს პარლამენტის ყოფნის კანონიერი უფლება აქვთ, რადგან საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა უკანონოა.

"თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება, აქ იყოთ. გამოხატვის თავისუფლებას იცავს კონსტიტუცია, პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს დეკრეტი და უნდა შემოიღოს საგანგებო მდგომაროება იმისთვის, რომ მათ შეეძლოთ, თქვენ თავისუფალი შეკრების უფლება აგიკრძალონ. ამას ვერ აკეთებენ არჩევნების გამო, ამიტომ ბრძანებაა, რომ თქვენ 10 საათიდან 5 საათამდე შეგეზღუდოთ გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება. ეს არის უკანონო და ჩვენ გვაქვს სრული უფლება, არ დავემორჩილოთ უკანონო მოთხოვნებს", - განაცხადა დიღმელაშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ითხოვენ.

ადგილზე ცოტა ხნის წინ  სამართალდამცველებმა სირცხვილიას სამი აქტივისტი - ლექსო მაჭავარიანი, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დააკავეს. პოლიციამ მომიტინგეებს აქციაზე შეშის შეტანის უფლება არ მისცა, რაც მათ გასათბობად სჭირდებოდათ. 


close დახურვა