logo
ENG



დმანისის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი თეა წულუკიანს სახალხო დამცველთან უჩივის

05 აპრ 202213:48
3 წუთის საკითხავი
 
დმანისის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი თეა წულუკიანს სახალხო დამცველთან უჩივის

დმანისის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხვიმიანმა კულტურის სამინისტროსა და მინისტრ, თეა წულუკიანის მიერ დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველს მიმართა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის წინაშე GDI იცავს. 

თეა წულუკიანმა, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსი, რომელშიც მხოლოდ ლაშა ჩხვიმიანი იღებდა მონაწილეობას, განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა. ახალ ხელმძღვანელად კი იმავე დღეს დანიშნა გიორგი სიხარულიძე, რომელიც კონკურსში მონაწილეობას არ იღებდა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინფრომაციით, ლაშა ჩხვიმიანის საქმიანობა არაერთხელ მოხვედრილა ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღების ცენტრში. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის თავდაპირველი უკმაყოფილება გამოიწვია 2018 წლის 9 ოქტომბერს დადგმულმა სპექტაკლმა "ხალხის მტერი", რომელშიც "მწვავე პოლიტიკური საკითხები" იყო გაჟღერებული, რასაც უარყოფითად გამოეხმაურა ქალაქის მაშინდელი მერი. მათი ინფორმაციით, აღნიშნული სპექტაკლის შემდეგ დმანისის თეატრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებას (ძირითადად ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების კუთხით) ვეღარ იღებდა. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მიიჩნევს, რომ ლაშა ჩხვიმიანიც სწორედ განსხვავებული შეხედულებების ღიად გაჟღერების გამო გახდა თეა წულუკიანის "რეპრესიული პოლიტიკისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი". 

"არ არსებობს მის მიმართ განსხვავებული მოპყრობის არანაირი ობიექტური გამართლება და ის არ არის მიმართული რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ, არამედ, მინისტრის გადაწყვეტილების ერთადერთ თვითმიზანს წარმოადგენს კრიტიკული შეხედულებების ჩახშობა თეატრებში და კულტურის სფეროში ცენზურის დაწესება, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია."- წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანს დისკრიმინაციულ მოპყრობაში არაერთი პირი ადანაშაულებს. 2022 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებული 70 თანამშრომელი აპირებდა მათი დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გათავისუფლების გასაჩივრებას სასამართლოში. 


close დახურვა