logo
ENG



დოკუმენტური კინოს ასოციაცია: სუს-ში გამოკითხვაზე ჩვენი თანამშრომელი დაიბარეს

17 ოქტ 202314:28
3 წუთის საკითხავი
 
დოკუმენტური კინოს ასოციაცია: სუს-ში გამოკითხვაზე ჩვენი თანამშრომელი დაიბარეს
ვახო ქარელი/ფორმულა

დოკუმენტური კინოს ასოციაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მათი თანამშრომელი, მარიამ ჩუტკერაშვილი დაიბარეს.

მათი თქმით, ჩუტკერაშვილი 26-29 სექტემბერს ესწრებოდა თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელიც East-West Management Institute-მა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა.

ასოციაციაში ამბობენ, რომ უწყებამ უკვე გამოჰკითხა ტრენინგის ორგანიზატორები, ტრენერები და ახლა დასაკითხად იბარებენ მონაწილეებს.

"სუსი აცხადებს, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

დოკუმენტური კინოს ასოციაცია და ადამიანები, რომლებიც ვდგავართ მის უკან, მარიამ ჩუტკერაშვილის ჩათვლით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციას და თითოეულ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებების არათუ ინტერესი არ გვაქვს, ჩვენი ღირებულებებით ვეწინააღმდეგებით ძალადობას.

ამ პროცესს მივიჩნევთ აბსურდად, ხოლო ჩვენი კოლეგის ამ პროცესში ჩართვას - მავნებლობად და უსამართლობად. ჩვენი კოლეგისა და ტრენინგის სხვა მონაწილეთა სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას აღვიქვამთ, როგორც ზეწოლას კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე და ქმედებას თავისუფალი შემოქმედებითი გამოხატვის წინააღმდეგ", - აღნიშნავენ ასოციაციაში.

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს. 

"გადატრიალების" შესახებ პროპაგანდისტულ და დაუსაბუთებელ საქმეზე მორიგ განცხადებაში სუს ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს. 

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.


close დახურვა