logo
ENG



დოლიძე: აიღონ იმ მაჟორიტარებმა პასუხისგებლობა, რომლებიც დღეს ჩირგვებში ზიან

18 ნოე 201920:07
3 წუთის საკითხავი
 
ph4lyib8mz8o663.png

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში არსებული სიტუაცია და რუსთაველის გამზირის წინ მიმდინარე მოვლენები „ქართული ოცნების“ მიერაა გამოწვეული.

„ხელისუფლების მცდელობა იქნება, გადაგვიყვანოს ტექნიკურ-იურიდიულ დისკუსიაში. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, გავბრაზდეთ. აიღონ იმ მაჟორიტარებმა პასუხისმგებლობა, რომლებიც დღეს ჩირგვებში ზიან. რატომ არ მოვიდა დაჩი ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში? გამოუშვეს ისეთი დეპუტატები, რომლებიც დემონსტრანტების თვალში მსხვერპლად წარმოჩინდებოდნენ. გამოგზავნეს უხუცესი წევრი რეზო არველაძე და რატი იონათამიშვილი. მე აქ მოვედი, ვნახე რა მოუვიდა 305 ადამიანს, რომელიც 20 ივნისს დააკავეს და მოხვდნენ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში. არ მინდა იგივე მოუვიდეს ნებისმიერ აქ დაკავებულს. ხვალ ნებისმიერის სასამართლო პროცესზე ვიქნები," - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე ამოიწურა.

ამის შემდეგ სპეცრაზზმა აქციის მონაწილეები დაშალა და რუსთაველის გზის სამანქანო გზა კარვებისგან გაათავისუფლა, ხოლო პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა.


close დახურვა