დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს მოუსმენენ. გოჩა ჯეირანაშვილი დეპუტატების კითხვებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უპასუხებს. ჯეირანაშვილის სახელი სხვადასხვა გახმაურებულ პროცესთანაა კავშირში. მათ შორისაა გაუპატიურებაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე. აღსანიშნავია ასევე, რომ მოსამართლეობის კანდიდატი 2002-იდან 2009 წლამდე კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. ამით მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში დასრულდება. ამის შემდეგ პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც კანონმდებლები მოსამართლეობის კანდიდატებს ინდივიდუალურ რეჟიმში უყრიან კენჭს.
„ფორმულასთან" საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პარლამენტარებს მოუწოდებს, რომ მოსამართლეთა სია ჩააგდონ.
„მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს მომავლის წინაშე და სრულად ჩააგდოს სია, რომელიც მათ წინაშეა. არც ერთი მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ შერჩეული მოსამართლის შეშვება არ შეიძლება. ამ კლანს სურს დღეს, მთლიანდ გააკონტროლოს სასამართლოს სისტემა", - აცხადებს დოლიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.
„ჩვენ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას დავასრულებთ. ამითი უკვე შევაჯამებთ მთელ იმ პროცესს, რომელიც ორი თვის განმავლობაში წარვმართეთ. მომდევნო კვირას ვგეგმავ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას და მათთან კონსულტაციებს ამ საკითხზე," - განაცხადა ოხანაშვილმა.