logo
ENG



დონალდ ტრამპს კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა ორი საიმპიჩმენტო მუხლით ბრალი წაუყენა

10 დეკ 201920:59
3 წუთის საკითხავი
 
i3ghnulxaluzyso.jpg

დონალდ ტრამპს კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა ორი საიმპიჩმენტო მუხლით ბრალი წაუყენა - ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესისთვის ხელის შეშლა. დემოკრატების ბრალდებების საფუძველი ის გახდა, რომ პრეზიდენტი საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს და ამ მიდგომას დღემდე ინარჩუნებს. უკვე ცნობილია, რომ პირველი კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში გაიმართება და, სავარაუდოდ, მომავალ კვირას საიმპიჩმენტო მუხლებს წარმომადგენელთა პალატაშიც უყრიან კენჭს. მხარდაჭერის შემთხვევაში საქმე სენატს გადაეცემა და დონალდ ტრამპის ბედსაც ის გადაწყვეტს. 

კონგრესის ქვედა პალატის უმრავლესობამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო მუხლები საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა. დემოკრატები პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. მათი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ პრეზიდენტს საკუთარი თავი კანონზე მაღლა მიაჩნია. 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის შემდეგ განცხადება პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენების შესახებ დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ადამ შიფი მიიჩნევს, რომ კონგრესმა უნდა იმოქმედოს, რადგან პრეზიდენტის თანამზრახველად იქცევა. 

საიმპიჩმენტო გამოძიებას კონგრესის ორივე კომიტეტი აწარმოებდა. პროცესის დაწყების საბაბი ტრამპი-ზელენსკის სკანდალური სატელეფონო საუბარი გახდა. მისი შინაარსის გასაჯაროებიდან გაირკვა, რომ შეერთებული შტატების ლიდერი ოპონენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ უკრაინელი კოლეგისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვდა. დემოკრატებისთვის მთავარი არგუმენტი ის გახდა, რომ დონალდ ტრამპის ბრძანებით უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერეს.  

ბოლო სამი თვის განმავლობაში კონგრესში არაერთი მაღალჩინოსანი დაიკითხა. საინპიჩმენტო მუხლებიც სწორედ მათი ჩვენებების საფუძველზე დაადგინეს. დემოკრატები განიხილავდნენ მესამე საიმპიჩმენტო მუხლის, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის წარდგენასაც, რაც დაადასტურებდა სპეც.პროკურორის რობერ მალერის საგამოძიებო დასკვნაში დეტალურად აღწერილ ფაქტებს.  თუმცა დემოკრატებმა გადაწყვიტეს, რომ საიმპიჩმენტო მუხლები მხოლოდ უკრაინის სკანდალზე ყოფილიყო ორიენტირებული.


close დახურვა