logo
ENG



დროა: უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე, საქართველოს შანსი აქვს NATO-ს დაუახლოვდეს

11 თებ 202220:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/11/jhcp3rtmtkdot4r.png
დროა

პარტია დროა საქართველოს და NATO-ს ურთიერთობების შესახებ საკუთარ ხედვას აქვეყნებს, რომლის თანახმად, საქართველოს დასავლეთის თავდაჯერებული რიტორიკისა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ფონზე,  უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს კიდევ უფრო დაუახლოვდეს.

დროა-ს განცხადებით, საქართველოს უნიკალური გეოპოლიტიკური შანსის გამოყენებაში ხელს ხელისუფლების მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი პოლიტიკური ნების არარსებობა უშლის.

"აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხზე რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ნატომ კატეგორიული უარი განაცხადა რუსეთის მოთხოვნაზე, ალიანსს ოფიციალურად ეთქვა უარი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობაზე. მან მკაფიოდ დაადასტურა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ამისთვის კი საქართველოს მხრიდან საჭიროა შესაბამისი სურვილი და ინსტიტუციური მზაობა.

ნატოს წევრობას, უკვე სულ მცირე 20 წელია, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. ამის დასტურია თუნდაც საქართველოს შეიარაღებული ძალების აქტიური მონაწილეობა ალიანსის სამხედრო მისიებში. ნატო ევროპული დემოკრატიების ეროვნული თავდაცვის ყველაზე ეფექტური გარანტია, მშვიდობა და მთავრობის დემოკრატიული ანგარიშვალდებულება კი საქართველოსთვის გრძელვადიანი ეკონომიკური მიმზიდველობისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა. ამასთანავე, ნატოს წევრობა ქვეყნის ევროპული იდენტობის საყოველთაო აღიარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

რუსული პროპაგანდა მუდმივად შთაგვაგონებს, რომ საქართველოს მხრიდან ნებისმიერი ძალისხმევა უნაყოფოა, რადგან რუსეთი არასდროს მოგვცემს ალიანსის წევრობის საშუალებას და ამიტომ უმჯობესია, „ფუჭი ილუზიების“ გამო რუსეთთან ურთიერთობა არ გავიფუჭოთ. თუმცა დღეს საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, დასავლეთის თავდაჯერებული რიტორიკისა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ფონზე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს კიდევ უფრო დაუახლოვდეს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირდაპირ აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები განსხვავდებიან ნატოს წევრობის სხვა მსურველთაგან, რადგან არიან არა დემოკრატიული ტრანზიციისა და კორუფციასთან ბრძოლის რეჟიმში, არამედ უკვე ჩამოყალიბებულ დემოკრატიებს წარმოადგენენ. ეს განცხადება ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს მხრიდან დემოკრატიული იდეალების ერთგულება და დასავლეთის წინაშე ნაკისრი ინსტიტუციური რეფორმების ეფექტური განხორციელება. 

პარტია „დროა“ მიიჩნევს, რომ დღეს ამ უნიკალური გეოპოლიტიკური შანსის გამოყენების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი არის ხელისუფლების მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი პოლიტიკური ნების არარსებობა - „ქართული ოცნების“ ქცევა დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციის, კორუფციასთან ბრძოლისა და მართლმსაჯულების სისტემის ჭრილში სულ უფრო მეტ კითხვას უჩენს, მათ შორის საქართველოს დასავლელ ქომაგებსაც, თუ რამდენად ერთგულია ხელისუფლება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

პარტია „დროა“, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დემოკრატიის იდეის ერთგულ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება გამოხატული იყოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და საქართველოს საკითხმა სათანადო ყურადღება მიიპყროს 2022 წლის 29-30 ივნისის ნატოს სამიტზე მადრიდში." - წერს დროა


close დახურვა