პარტია დროას შეფასებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ანტივაქსერული განცხადება "დანაშაულის ტოლფასია".
პარტიის წარმომადგენლმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე თქვა, რომ ამის შემდეგ, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაიწევს.
"მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი თავად უნდა იყოს სტიმული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ აიცრან და აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროვაქსერულ კამპანიებში, მან თავად განაცხადა, რომ პირადად წარმოადგენს მაგალითს, რომ ვაქცინა ომიკრონის შემთხვევაში არ მუშაობს, რაც ჩვენი შეფასებით დანაშაულის ტოლფასია", - ამბობს ლემონჯავა.
მისივე თქმით, ეს განცხადება ორ ძირითად მიზანს ემსახურებოდა:
"უპირველესად ეს არის პოპულისტური და დეზინფორმაციის შემცველი განცხადება, რომელიც ემსახურება ანტივაქსერული განწყობების მქონე საქართველოს მოქალაქეების გულის მოგებას და ამას მხოლოდ ელექტორალური დანიშნულება გააჩნია და მეორე მხრივ, ეს განცხადება არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ხელისუფლკებამ ვერ შეძლო, ემართა ვაქციანციის პროცესი. ზოგადად, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ემართა კოვიდი საქართველოში", - თქვა გიგა ლემონჯავა.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტივაქსერული განცხადება გააკეთა.
ის ამბობს, რომ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს, ამის მაგალითი კი თვითონაა - აიცრა, თუმცა მაინც დაემართა. ღარიბაშვილმა ამით ახსნა მწვანე პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან.
ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი.
აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე.
აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, რეგისტრაციის გარეშე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:
- დადასტურებულ შემთხვევათა 88.7% არ იყო ვაქცინირებული;
- ჰოსპიტალიზირებულთა 93.6% არ იყო ვაქცინირებული;
- კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა 96% არ იყო ვაქცინირებული;
- გარდაცვლილთა 96.2% არ იყო ვაქცინირებული.
მონაცემები მოცემულია 2021 წლის 15 მარტიდან-31 დეკემბრის ჩათვლით.