დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის, 26 წლის ამინა ბიკბოვას მკვლელობის ბრალდებით გუდაუთაში მცხოვრები 25 წლის ედგარ აბუხბა დააკავეს.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, ბიკბოვას ახლობლებმა სამართალდამცველებს 26 სექტემბერს მიმართეს და განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ქალი სამი დღის განმავლობაში კავშირზე აღარ გადიოდა.
როგორც ირკვევა, 23 სექტემბრის საღამოს ბიკბოვა გაგრაში, არძინბას გამზირზე ედგარ აბუხბას შეხვდა, რის შემდეგაც ისინი ტაქსით სოფელ ფსახარაში, ნაქირავებ საცხოვრებელში წავიდნენ. აბუხბამ დაკითხვისას განაცხადა, რომ მათ შორის კონფლიქტი მოხდა და მან ქალი გაგუდა. მეორე დილით, კვალის დაფარვის მიზნით, მან ნაცნობისგან ავტომობილი ითხოვა, ცხედარი მანქანაში მოათავსა და ბზიფის ხეობის მიმართულებით წაიღო.
თავდაპირველად ის ცხედრის მდინარეში გადაგდებას გეგმავდა, თუმცა ეს ვერ შეძლო და პლედში გახვეული ცხედარი სოფლის გზასთან, ბუჩქებში დატოვა, ხოლო მოკლულის ტელეფონი და პირადი ნივთები სოხუმის გზატკეცილზე მდებარე ნაგვის კონტეინერებში გადაყარა. საქმეს გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურა იძიებს.
აღსანიშნავია, რომ ედგარ აბუხბა წარსულში უკვე იყო გასამართლებული მძიმე დანაშაულისთვის. 2019 წლის 31 ივლისს, სოხუმში, იმ დროს არასრულწლოვანმა აბუხბამ რუსეთის მოქალაქე ქალი გააუპატიურა, ფიზიკურად გაუსწორდა და პირადი ნივთები წაართვა. 2021 წლის თებერვალში სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო გაუპატიურებაში, ძალადობრივ ქმედებებში, ძარცვასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რისთვისაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება 16-წლიან პატიმრობას ითხოვდა).
