მითების დეტექტორის ცნობით, ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი, ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც ახლადშექმნილი პარტიის ერთობა, რაობა, იმედის დამფუძნებელ ლევან ვასაძესთან, ასევე მის ტელეკომპანია ალტ-ინფოსთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო პროტესტს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ფეისბუკიდან გულშემატკივრობდა.
5 ივლისს, პრაიდის საწინააღმდეგო კონტრაქციის დროს, რომლის ლიდერი ლევან ვასაძე მოვლენებს თვალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასევე მოსკოვიდან ადევნებდა, ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტს სცემეს, 1 ოპერატორი კი, რომელიც აქციაზე ძალადობის შედეგად დაზიანებები მიიღო, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.
კონტრაქციის ორგანიზატორებს შორის ალტ-ინფოს წამყვანები და დამფუძნებლებიც იყვნენ, რომელთა საჯარო გამოსვლებსა და კონტრაქციასთან დაკავშირებულ პოსტებს დუგინი ასევე ინტენსიურად აზიარებდა.
1-21 ივლისის ჩათვლით დუგინმა თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით 26 პოსტი გამოაქვეყნა.
26-დან 2 პოსტში დუგინი აღფრთოვანებას გამოხატავდა თბილისში ევროკავშირის დროშის დაწვისა (Georgia I admire) და ძალადობრივი ჯგუფების "ჰეროიკული ქმედებების" გამო.
23 პოსტი ალტ-ინფოს დამფუძნებლების, წევრებისა და მხარდამჭერების, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძისა და qadageba.ge-ის ლაივებს მოიცავდა.
პოსტები ქრონოლოგიურად და შინაარსობრივად ასე გამოიყურება:
1 ივლისი - ალტ-ინფოს წამყვანების მოწოდებები 5 ივლისს კონტრაქციაში მონაწილეობაზე.
2 ივლისი - ლევან ვასაძის მოწოდებები მოსკოვიდან 5 ივლისის აქციაზე საზოგადოების მობილიზებაზე
6 ივლისი - პრიმაკოვის რუსულ-ქართული ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის, qadageba.ge-ის ლაივები, "ალტ-ინფოს" წამყვანის, ზურა მახარაძის გამოსვლები; რუსული ტელეარხ РБК-ს ვიდეო, სათაურით: "ქვებით და ჯოხებით. პროტესტანტები გეი-აღლუმის წინააღმდეგ"; აქციის მონაწილე ძალადობრივი ჯგუფების ფოტო რუსთაველის გამზირიდან, ერთ-ერთი მხარდამჭერის კომენტარით:
“აყროლებული კარვებისგან გაიწმინდა”...
“ტელევიაზია-ჟურნალისტებს ცხვირში მოხვდა იმ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გამო, რასაც უკვე წლებია აკეთებენ”,
“სოროსის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებს დანახეს, რამდენი ფულიც არ უნდა გადმოურიცხონ ქვეყნის გამყიდველებს, წყალში გადაყრილია და დიდი რესურსები გაუნადგურეს”.
7 ივლისი - ALT ინფორმაციის პოსტი ევროკავშირის დროშის ვანდალურად განადგურების შესახებ, დუგინმა შემდეგი კომენტარით გააზიარა: "საქართველო, რომლითაც აღტაცებული ვარ" (Georgia I admire).
7 ივლისს დუგინმა ასევე გააზიარა “თბილისი პრაიდის” ოფისში 5 ივლისს შეჭრისა და ლგბტ დროშის ჩამოხსნის კადრები; 6 ივლისს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების მდუმარე აქციის საპირისპიროდ ძალადობრივი ჯგუფების შეკრების ამსახველი დიმიტრი ლორთქიფანიძის ლაივი და სხვათა პოსტები, ასევე კონტრაქციის სხვადასხვა მხარდამჭერების პოსტები.
8 ივლისი - გიორგი კოპაძის პოსტი, რომელშიც მითითებული იყო ზურა მახარაძის საბანკო ანგარიშის ნომერი, კონტრაქციაზე ძალადობრივი ქმედებების გამო დაკავებულთა დასახმარებლად.
9 ივლისი - ალტ-ინფოს წევრებისა და მხარდამჭერების ფოტო და ლაივი აქციიდან.
10 ივლისი - ალტ-ინფოს წამყვანის ზურა მახარაძის 2014 წლის ვიდეო, რომელშიც ის საუბრობს, თუ როგორ ისწავლა ბავშვობაში დაჩაგრულმა ძალადობის მართვა.
12 ივლისი - დუგინის კომენტარი და პოზიტიური შეფასება საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ქართველები სასწორის პინას მათკენ (რუსეთისკენ) ხრიან: "ქართველები თავიანთი ჰეროიკული ქმედებებით მსოფლიო წონასწორობას ცვლიან და სასწორის პინას ჩვენს მხარეს ხრიან. მე გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ამ ხალხით".
12 ივლისსვე დუგინმა გააზიარა პოსტი, რომელიც 5 ივლისის მოვლენების გამო პარლამენტში ოპოზიციის პროტესტს და ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავდა.
17 ივლისი - დუგინმა გააზიარა იმ შოთა გიორგის ძე მამულაშვილის კონტრაქციასთან დაკავშირებული პოსტი, რომელმაც ევროკავშირის დროშა ალტ-ინფოს მოწოდების შემდეგ 25 ივლისს დემონსტრაციულად დაწვა და რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე მოწოდებაც გაახმოვანა.
15, 16 და 17 ივლისი - დუგინი აქტიურად აზიარებდა ალტ-ინფოს დამფუძნებლებისა და წამყვანების 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების მასალებს, ასევე სხვადასხვა მედიებში ალტ-ინფოს წამყვანის ზურაბ მახარაძის შეფასებებს.
"ალექსანდრ დუგინი ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსია. დუგინის ევრაზიული იდეა რუსეთის ექსპანსიასა და ევრაზიულ კონტინენტზე რუსეთის უპირატეს სულიერ-პოლიტიკურ როლს უჭერს მხარს და რუსულ ორთოდოქსულ ხედვაზეა დაფუძნებული. 2015-2016 წლებში, ალექსანდრ დუგინი კონსტანტინ მალოფეევისმფლობელობაში მყოფი ულტრამემარჯვენე ტელეკომპანია Царьград TV-ს რედაქციის ხელმძღვანელიც იყო", - წერს მითების დეტექტორი.