logo
ENG



დუდამ პოლონეთის მთავრობის ორი ყოფილი წევრი შეიწყალა

24 იან 202410:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/24/vcoelhea2qpp11q.jpg

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მთავრობის ყოფილი ორი წევრი შეიწყალა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ და მისმა მოადგილემ, მაცე ვასიკმა საპატიმრო უკვე დატოვეს.

ისინი ერთი თვის წინ დააკავეს მას შემდეგ, რაც წინა თანამდებობაზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის განაჩენი გამოუტანეს. მთავრობის ყოფილმა წევრებმა შიმშილობა დაიწყეს და განაცხადეს, რომ "პოლიტპატიმრები არიან". მათმა დაკავებამ კი ყოფილი მმართველი პარტიის "კანონისა და სამართლიანობის" მხარდამჭერების აქციები გამოიწვია.

დუდა, რომელიც "კანონისა და სამართლიანობის" მოკავშირეა, ორივე პოლიტიკოსი შეიწყალა მას შემდეგ, რაც მათ პირველად განაჩენი 2015 წელს გამოუტანეს, თუმცა პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ მისი ნაბიჯი ბათილად გამოაცხადა და განმარტა, რომ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ შეიძლება შეწყალება იქნეს მიღებული. გასულ წელს უზენაესმა სასამართლომ საქმის განხილვა განაახლა. ყოფილ მინისტრსა და მის მოადგილეს დეკემბერში თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიუსაჯეს, როდესაც ხელისუფლებაში ახალი ცენტრისტული კოალიცია მოვიდა.

რამდენიმე დღეში, დუდამ თქვა, რომ პოლიტიკოსების მეორედ შეწყალების პროცესს იწყებდა.

"ჩემთვის, ისინი ყოველთვის შეწყალებულნი იყვნენ, მაგრამ სოციალური ღელვის გათვალისწინებით, გადავწყვიტე შეწყალების ახალი პროცესი დავაინიციირო", - განაცხადა დუდამ თავის გადაწყვეტილებაში.

"მივმართავ იუსტიციის მინისტრს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ორივე ციხიდან".

მანამდე იუსტიციის მინისტრმა, ადამ ბოდნარმა, რომელიც ასევე გენერალური პროკურორია, განაცხადა, რომ მთავრობის ყოფილი წევრები არ უნდა შეიწყალონ, თუმცა მისი მოსაზრება პრეზიდენტისთვის სავალდებულო არაა.


close დახურვა