რუსეთის დუმაში მმართველი პარტიის "ერთიანი რუსეთის" დეპუტატებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას ამერიკულ სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვის უფლებას მისცემს, რომლებიც, მათი მტკიცებით, რუსული მედიაგამოცემების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას იჩენენ.
კანონპროექტის ავტორებმა განაცხადეს, რომ რუსული მედიაგამოცემებისგან (RIA Novosti; Crimea 24; Russia Today) მიიღეს არაერთი საჩივარი, რომ ამერიკული სოციალური მედიის გიგანტები Twitter, Youtube, Google და Facebook მათ ანგარიშებს აუქმებენ, ან იარლიყებს ურთავენ.
Twitter-მა და Facebook-მა მიმდინარე წლის აგვისტოდან ხელისუფლებასთან დაახლოებული ან ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებული მედიაგამოცემების ანგარიშებზე სპეციალური იარლიყის დართვა დაიწყეს: "სახელმწიფოსთან აფილირებული მედია".
"კანონპროექტის მიღების აუცილებლობას რუსეთის გარეთ დარეგისტრირებული ინტერნეტრესურსების მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის კონკრეტული რუსულ მედიაგამოცემების კონტენტზე წვდომის შეზღუდვა ქმნის", - ვკითხულობთ კანონპროექტს თანდართულ დოკუმენტში.
კანონპროექტის ძალაში შესვლისთვის იგი რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, დუმამ, შემდეგ ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს, საბოლოოდ კი კანონპროექტს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა მოაწეროს ხელი.
კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვების პასუხად, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შესაძლო ზომები ფრთხილად უნდა შეირჩეს, თუმცა არსებულ პრობლემასთან გამკლავების მექანიზმი აუცილებელია.
"აშკარაა დისკრიმინაციული მიდგომა ამ ქსელების რუსი მომხმარებლების მიმართ. ამ გიგანტებს პრობლემა საკუთარ მომხმარებლებთანაც აქვთ, მათ წინააღმდეგაც იჩენენ დისკრიმინაციულ მიდგომას. ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების დაცვა მსგავსი მიდგომებისგან", - განაცხადა პესკოვმა.
თუ რომელი ქსელები უზღუდავენ რუს მოქალაქეებს სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციებზე წვდომას ეთნიკური იდენტობისა და სასაუბრო ენის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთის გენერალური პროკურატურა გადაწყვეტენ.
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხელისუფლებას მიეცემა უფლება, კონკრეტულ სოციალურ ქსელებზე წვდომა შეუზღუდოს.
რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია უკვე ინტერნეტსივრცეზე საკუთარ საზღვრებში კონტროლის მოპოვებას ცდილობს. თებერვალში "ეფ ეს ბემ" ქვეყნის ყველაზე მსხვილ მედიაგამოცემებს მათ სისტემებზე განგრძობადი წვდომაც კი მოსთხოვა.