logo
ENG



დუნია მიატოვიჩი: საქართველოს მთავრობის მხრიდან ომბუდსმენის აპარატზე თავდასხმა მიუღებელია

23 ნოე 202115:39
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატზე თავდასხმას მიუღებლად მიიჩნევს.

ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ეს თავდასხმები კავშირშია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის შიმშილობასთან დაკავშირებულ ომბუდსმენისა და მისი ოფისის საქმიანობასთან.

„მე მინდა შევაქო სახალხო დამცველი და მისი ოფისი მათი ძალისხმევისთვის, შეინარჩუნონ ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღალესი სტანდარტები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა ინდივიდისთვის“, - აცხადებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.

დუნია მიატოვიჩის თქმით, სწორედ ეს იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტში ევროპაში ინტეგრაციის კომიტეტის უფროსთან, მაკა ბოჭორიშვილთან სტრასბურგში შეხვედრისას.

„ვენეციის პრინციპების მიხედვით, მონაწილე ქვეყნები ვალდებულნი არიან ეფექტურად დაიცვან მათი ომბუდსმენის ინსტიტუტი ნებისმიერი საფრთხისა ან ქმედებისგან, რამაც შეიძლება გააჩინოს დაბრკოლებები მათი ეფექტური ფუნქციონირებისთვის“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომისარმა.

ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს სახალხო დამცველის, მისი ოფისის და მათთან დაკავშირებული ექსპერტების ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც ხელშეწყობილი იქნება მათი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელება. 

მიატოვიჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, ომბუდსმენის აპარატისთვის უზრუნველყოს ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება და ეფექტური, პლურალისტური და დამოუკიდებელი ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თქმით, ომბუდსმენის ინსტიტუტის ექსპერტების სანდოობა უპირველესი მნიშვნელობისაა, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც და მათ შორის ევროპის საბჭოსთვის. ომბუდსმენის ინსტიტუტს, უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად და ეფექტურად განახორციელოს საქმიანობა, საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის პარიზისა და ვენის პრინციპებთან სრული შესაბამისობით.

განცხადების ბოლოს, დუნია მიატოვიჩი ამბობს, რომ ამ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს საქართველოში მომავალი წლის თებერვალში დაგეგმილი ვიზიტისას განიხილავს.


close დახურვა